ნოემბერი 548
en

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ რესტავრირებული ქურაშის ოთხთავი ეცერის თემში დაბრუნდა

ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი, XII საუკუნის ქურაშის ოთხთავი ეცერის თემს დაუბრუნდა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა, ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ეროვნული არქივის რესტავრაციის განყოფილების უფროსმა თამილა აფაქიძემ ეცერის თემის წარმომადგენლებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში რესტავრირებული ოთხთავი გადასცეს და ამიერიდან ის კვლავ სოფელ ქურაშის წმიდა გიორგის ეკლესიაში დაბრუნდა. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე ილარიონმა საგანგებო ლოცვა აღავლინა.

ეროვნული არქივის რესტავრატორები წიგნის რესტავრაციასა და კონსერვაციაზე 18 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. ეტრატზე შესრულებული ხელნაწერი 151 ფურცლისაგან შედგება და მასში შესულია გიორგი მთაწმინდელისეული რედაქციის ოთხთავი. წიგნს ახლავს სხვადასხვა პერიოდის ანდერძ-მინაწერები. ხელნაწერის ორი გვერდი პალიმფსესტურია, მის ქვედა ფენაზე იკითხება IX-X საუკუნეების იერუსალიმური ლექციონარის ფრაგმენტები.

რესტავრაციამდე ხელნაწერი იყო ნახევრად დაშლილ მდგომარეობაში, ყდის გარეშე. მის დაზიანებულ და გახევებულ ფურცლებს ჰქონდა ლაქები; მტვრის, ობისა და სანთლის ნადები; დარღვეული იყო გვერდების მიმდევრობა.

რესტავრატორებმა ოთხთავის თითოეულ ფურცელს ჩაუტარეს სადეზინფექციო სამუშაოები; გაიწმინდა მშრალი და სველი მეთოდით; მოსცილდა მტვრის, ობის, სანთლის ნადები; გახევებული და დეფორმირებული ფურცლები დარბილდა და გასწორდა; ხელოვნური პერგამენტით შეივსო დაზიანებული კიდეები. ამასთან, ხელნაწერის ტექსტი შინაარსობრივად დალაგდა, ხელახლა დაინომრა და აიკინძა, გაუკეთდა ყუა და ჩაისვა ტყავის ახალ ყდაში.

ქურაშის სახარება სვანეთში დაცული მეორე ხელნაწერია, რომლის რესტავრაცია-კონსერვაცია ეროვნული არქივის ლაბორატორიაში ჩატარდა. 2021 წელს აქ ლახამულის XII საუკუნის ოთხთავის სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა.

ორივე ხელნაწერის რესტავრაცია შესაძლებელი გახდა ადგილობრივ თემთან წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე.

ეცერის თემისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი; პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი; ასევე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.