ნოემბერი 548
en

მერაბ აბრამიშვილი - გამოფენა ეროვნული არქივის პავილიონში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მხატვარ მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის 70-მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი, რომლებიც მერაბ აბრამიშვილის ოჯახის კოლექციაში ინახება.

გამოფენაზე დამთვალიერებელი პირველად იხილავს მერაბ აბრამიშვილის ერთ-ერთი ნამუშევრის - „პარიზის“ - ესკიზს.

მერაბ აბრამიშვილი (1957-2006 წწ.) თანამედროვე ქართული ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელია. მხატვრის შემუშავებულმა ტექნიკამ და გამოყენებულმა ფაქტურამ მის ნამუშევრებს განსაკუთრებული გამომსახველობა შესძინა. მის შემოქმედებას საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული.

ქართველი მხატვრის ნამუშევრებმა ხელოვნების მოყვარულთა ყურადღება სოთბისა და კრისტის აუქციონებზე არაერთხელ მიიპყრო. ამასთან, 2013-2014 წლებში მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო სოთბის ლონდონის სააუქციონო სახლის გამოფენა „გზაჯვარედინზე“.

მხატვრის ნამუშევრები საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებშია დაცული.

გამოფენა 1 მაისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.