ნოემბერი 548
en

მიტროპოლიტი ექვთიმე გაენათელი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი გაენათელი მიტროპოლიტის, წმინდანად შერაცხული ექვთიმე (ეფვთიმე) შერვაშიძის (1747-1821) ხსენების დღეს იმ დოკუმენტების მიმოხილვას უძღვნის, რომელიც მღვდელმოწამის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შეეხება და ეროვნულ საარქივო ფონდშია დაცული. 
ექვთიმე შერვაშიძე, ქუთაისელი მიტროპოლიტი დოსითეოს წერეთელი, იმერეთის მეფის სოლომონ მეორის ასული დარეჯანი და დიდგვაროვნები 1819-20 წლების იმერეთის აჯანყებისას რუსმა მოხელეებმა სახელმწიფოს მტერ „ბუნტოვშიკებად“ შერაცხეს და მათ დასაპატიმრებლად რუსეთიდან მოხმობილი შეიარაღებული რაზმები გამოიყენეს. 
იმერეთის რუსეთთან შეერთებისას (1810 წელი) გაჩნდა ბიუროკრატიული აპარატი, გაიზარდა სახელმწიფო გადასახადები და შრომითი ბეგარა, გაუარესდა სამართალწარმოება, ფესვი გაიდგა მექრთამეობამ. რუსეთის მთავრობამ მიზნად დაისახა გაეზარდა სახაზინო შემოსავალი, ამისათვის საჭიროდ მიიჩნიეს საეკლესიო რეფორმების გატარება, რითაც გლეხთა საეკლესიო გადასახადები კიდევ უფრო იზრდებოდა. ამ ღონისძიებას უკმაყოფილოდ შეხვდა მოსახლეობის ყველა ფენა და დაიწყო გამოსვლები რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. 
ხალხთან ერთად ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიოდნენ მიტროპოლიტები, დიდგვაროვნები, თუმცა მათ საპროტესტო წერილებს რუსეთის იმპერიის დამპყრობლური  პოლიტიკის შეცვლა არ მოჰყოლია. 
ეროვნულ არქივში დაცულია მიტროპოლიტ ექვთიმე შერვაშიძის წერილები რუსი მოხელეებისადმი, სადაც ის ეკლესიისათვის ქონების ჩამორთმევის არამართლზომიერებაზე წერს. 
იმერეთის 1819-1820 წლის აჯანყების მასალებშია, ასევე ექვთიმე გაენათელის, ქუთათელის, დასავლეთ საქართველოს დიდგვაროვნების დაპატიმრებისა და გადასახლების ბრძანებები, საიდუმლო განკარგულება დამოუმორჩილებლობის შემთხვევაში მათი ლიკვიდაციის შესახებ. 
ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულია დოკუმენტი, რომელიც გაენათელი მიტროპოლიტის გადასახლების შემდეგ მის ქონებას აღწერს. 
რუსეთში გადასახლებულმა მოხუცმა მღვდელმთავარმა იმპერატორ ალექსანდრე I-ს მრავალრიცხოვან ქართველთა სისხლის დათხევის გამო „ახალი დროის ნერონი“ უწოდა. მიტროპოლიტი ნოვგოროდში გადაასახლეს, სადაც 1822 წლის 21 აპრილს გარდაიცვალა. 
2004 წლის 1 აპრილს წმიდა ეფთვიმეს ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მონასტერში დაკრძალეს.