ნოემბერი 548
en

მსახიობ ელისაბედ ჩერქეზიშვილის შარჟი - კვირის დოკუმენტი

საქართველოს ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია მსახიობ ელისაბედ ჩერქეზიშვილის შარჟი ლადო გუდიაშვილის შესრულებით.

„ომი რომ გათავდეს კიდეც, ჩემი იუბილე არ გათავდება!..“.  ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, 1917 წლის იანვარი, #8.

ელისაბედ ჩერქეზიშვილის დაბადებიდან 50 წლის იუბილე 1913 წელს შესრულდა, ხოლო სასცენო მოღვაწეობიდან 30 წელი - 1916 წელს. თეატრალური საზოგადოება გამოჩენილი მსახიობის იუბილეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავდა. სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი და მხატვარმა შარჟში ეს ორი თემა იუმორით დააკავშირა.

1863 წელს დაბადებულმა ელისაბედ ჩერქეზიშვილმა სასცენო მოღვაწეობა 1886 წელს ქართულ დრამატულ თეატრში დაიწყო, მანამდე, 1884 წლიდან, გამოდიოდა სოფლის სცენისმოყვარულთა წარმოდგენებში. თამაშობდა კომედიურ როლებს. მისი განსახიერებულია : სარა, ხანუმა (ა. ცაგარელის ,,ხანუმა”), ელისაბედი (რ. ერისთავის ,,ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“), ანა ანდრეევნა (გოგოლის ,,რევიზორი“).

20-იან წლებში მოღვაწეობა გააგრძელა რუსთაველის თეატრში, 1932 წლიდან კი – კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. შექმნილი აქვს როლები: ნუნუ (ზ. ანტონოვის ,,მზის დაბნელება საქართველოში“), ხორეშანი (შ. დადიანის ,,ჩატეხილი ხიდი”), მაკრინე (ლ. არდაზიანის ,,სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი”). 1921 წლიდან  იღებენ კინოში. განსახიერებული აქვს: ხანუმა (,,ხანუმა”), მაკარის დედა („ქეთო და კოტე“), ექიმბაში („ვინ არის დამნაშავე“), არსენას დედა („არსენა ჯორჯიაშვილი“), მაგდანა („ორი მონადირე“).

ლადო გუდიაშვილი 1914-1917 წლებში ჟურნალთან „თეატრი და ცხოვრება“ თანამშრომლობდა. 

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. 

დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:  http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში :https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.