ნოემბერი 548
en

მთაწმინდის პარკში პროექტის -„ქართული ზღაპრები - აუდიობიბლიოთეკა“ - პრეზენტაცია გაიმართა

მთაწმინდის პარკში დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ახალი პროექტის -„ქართული ზღაპრები - აუდიობიბლიოთეკა“ - პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი, რომელიც ბავშვებისთვის შეიქმნა, ინტერნეტსივრცეში ხალხური ზღაპრების ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს.

ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის ინფორმაციით, პროექტის მიზანი იყო, ბავშვებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცული, 1960-70-იან წლებში მაგნიტურ ფირებსა და ფირფიტებზე ჩაწერილი  ქართული ზღაპრების აუდიოჩანაწერები. ციფრულ მატარებელზე 42 ქართული ზღაპარი გადავიდა, რომელიც ვებგვერდზე:https://soundcloud.com/audio-archives-of-georgia აიტვირთა და ყველასთვის, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვისაც, ეროვნული არქივის ოფიციალური ვებგვერდის: http://www.archives.gov.ge/ge/kartuli-zgaprebi საშუალებით გახდა ხელმისაწვდომი. პროექტისათვის შექმნილია, ასევე, სპეციალური გვერდი სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/GeorgianTales.

ვებგვერდზე განთავსებულ ზღაპრებს შორის არის: „ხუთკუნჭულა“, „ჭინჭრაქა“, „წიქარა“, „ჩიტი და მეფე“, „რწყილი და ჭიანჭველა“, „ნაცარქექია“, „კომბლე“, „კოკროჭინა“, „ამირანი“ და სხვა. ზღაპრებს პატარებისთვის ცნობილი ქართველი მსახიობები: ეროსი მანჯგალაძე, ელენე ყიფშიძე, გიორგი გეგეჭკორი, მერაბ თაბუკაშვილი, მერაბ გეგეჭკორი კითხულობენ.

პრეზენტაციისას მთაწმინდის პარკის სტუმარმა ბავშვება სპეციალურად პროექტისათვის მხატვარ ზაალ სულაკაურის შექმნილი ნახატების გრაფიკული ვარიანტი გააფერადეს.