ნოემბერი 548
en

ნიკო ნიკოლაძის 170 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა ფოთში

დღეს ქალაქ ფოთის საგამოფენო დარბაზში  ნიკო ნიკოლაძისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია   გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 170 წლისა და ფოთის სანავსადგურო ქალაქად გამოცხადების 155 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ტარდება.

საექსპოზიციოდ შერჩეული ფოტოები იმ პერიოდის საქართველოს განვითარების სხვადასხვა სფეროს ასახავს. ნიკოლაძე-ღამბაშიძეების კოლექციიდან წარმოდგენილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც ეროვნულ არქივშია დაცული, ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივ მოღვაწეობას, მისი მეგობრების წრესა და ოჯახის წევრების ცხოვრებას ასახავს. ვახტანგ ღამბაშიძე ქართველი ექიმი და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პარიზის ქართული სათვისტომოს რიგით მეორე თავმჯდომარე იყო.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა , ნახოს ისტორიული ღირებულების მქონე, აქამდე უცნობი და გამოუქვეყნებელი ფოტოები, რომლებიც ნიკო ნიკოლაძის პოლიტიკურ მოღვაწეობასა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდს უკავშირდება. 

ფოტოები გადაღებულია ნიკო ნიკოლაძის, გიორგი ნიკოლაძის, დავით გურამიშვილისა და ვახტანგ ღამბაშიძის მიერ მე-19 საუკუნის 70-იან-მე-20 საუკუნის 20-იან წლებში.
1972 წელს ფოტომასალის დიდი ნაწილი ეროვნულ არქივს გიორგი ნიკოლაძის დამ, რუსუდან ნიკოლაძემ, გადასცა. ნიკოლაძეების კოლექციაში შედის 1958 წელს ალპური კლუბიდან მიღებული ნეგატივებიც. 2012 წლის დასაწყისში მედეა თაბუკაშვილმა არქივს ვახტანგ ღამბაშიძის მიერ გადაღებული ნინო პალტარაცკაიას დაკრძალვის კადრები, თბილისისა და სტამბოლის ხედები გადასცა. ამავე წელს პარიზში მცხოვრებმა რეზო და ნათელა ნიკოლაძეებმა არქივს ჩააბარეს ვახტანგ ღამბაშიძისა და გიორგი ნიკოლაძის მიერ გადაღებული 157 ნეგატივი მინაზე.

გამოფენის პარალელურად გაიმართა  ფოტოალბომის „ფოტოობიექტივში აღქმული დრო“ პრეზენტაცია. გამოცემაში შესულია ეროვნულ არქივში დაცული მასალა ქალაქ ფოთის შესახებ.
გამოფენა ქალაქ ფოთში 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება, დათვალიერება თავისუფალია.