ნოემბერი 548
en

პროექტის "სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე“ მონაწილეებმა ეროვნულ არქივში მუშაობა დაასრულეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე“ (Summer Job) მონაწილეებს შეხვდა. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა ეროვნულ არქივში მუშაობა დღეს დაასრულეს. თეონა იაშვილმა მათ მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი მუშაობისთვის, იმედი გამოთქვა, რომ მათი თანამშრომლობა ეროვნულ არქივთან მომავალშიც გაგრძელდება და სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა.

პროგრამის ფარგლებში ეროვნულ არქივში 32 სტუდენტი დასაქმდა. საისტორიო ცენტრალურ, უახლესი ისტორიის, თბილისისა და ქუთაისის ცენტრალურ არქივებში ერთი თვის განმავლობაში სტუდენტები მუშაობდნენ ელექტრონული ნუსხების შედგენასა და კატალოგიზაციაზე, საარქივო მასალის ანოტირებასა და აღწერებზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადაგების პერიოდში 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე გაგრძელდა და სტუდენტთა დასაქმებას ისახავდა მიზნად. პროექტში საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტები მონაწილეობდნენ.