ნოემბერი 548
en

ქართული კინომემკვიდრეობის მაღალი ხარისხის ციფრული ასლების შექმნა თანამედროვე კინოსკანერით იქნება შესაძლებელი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ქართული კინომემკვიდრეობის მაღალი ხარისხის ციფრული ასლების შესაქმნელად თანამედროვე, 4K გარჩევადობის კინოსკანერი (Cintel Scanner 2, Blackmagicdesing) შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სკანერი საქართველოში პირველია.

სკანერთან ერთად შეძენილი თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის საშუალებით შესაძლებელია მაღალი გარჩევადობის ვიდეოფაილებზე მუშაობა, ფერისა და გამოსახულების კორექცია, ასევე გამოსახულების ციფრული რესტავრაცია.

კინოსკანერი კომპანია Blackmagicdesing-ის სპეციალურად მოწვეულმა ლიცენზირებულმა ინჟინერმა ლოურენს მალარიმ დაამონტაჟა. მანვე ეროვნული არქივის თანამშრომლებს გააცნო შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და სკანერთან მუშაობის სპეციფიკა.

დღეს საქართველოს ეროვნულ არქივს უკვე აქვს აპარატურა, რომლის მეშვეობითაც დაიწყება კინოკოლექციების სკანირება და შეიქმნება კინოფილმების ხარისხიანი ციფრული ასლები.  აღსანიშნავია, რომ კინოარქივში ინახება  დოკუმენტური ფილმები, რომელთაც არ აქვს ასლები. რა თქმა უნდა, ეროვნული არქივის პრიორიტეტი სწორედ ამ ტიპის კინოდოკუმენტები იქნება.

კინოფილმების სკანირების შემდეგ მომზადებული საარქივო კინოკოლექციის პროგრამის ჩვენებები ეროვნული არქივის განახლებულ კინოდარბაზში მოეწყობა და საზოგადოებას უნიკალური კინოკადრების ხილვის საშუალება მიეცემა.