ნოემბერი 548
en

“ქართული საღამო” ბათუმში, 1920 წელი

ბათუმში 1920 წლის 27 იანვარს გამართული „ქართული საღამოს“ პროგრამა ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია.

„სურათი საქართველოს აწმყოდან ეროვნული ჰიმნით“, - პროგრამა გვამცნობს, რომ ასე დაიწყო XXVII ტრადიციული „ქართული საღამო“ ბათუმში, საკრებულო დარბაზში.

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათომის განყოფილებისა“ და  „ბათომის ქართველთა ეროვნული საბჭოს“ ორგანიზებული საღამო ხუთი განყოფილებასაგან შედგებოდა და მაყურებელს სთავაზობდა: ქართულ თანამედროვე, ხალხურ და კლასიკურ მუსიკას, ქართულ პოეზიასა და  საცეკვაო ნომრებს. ლექსებსა და სცენებს კითხულობდნენ: პაოლო იაშვილი, იოსებ გრიშაშვილი და შალვა შარაშიძე (თაგუნა), სიმღერებს, საოპერო არიებსა და რომანსებს  ასრულებდნენ: დები თარხნიშვილები, ვანო სარაჯიშვილი და ალექსანდრე ინაშვილი. 

საღამო დასრულდა „ცეკვით დარბაზში“.

დოკუმენტი დაცულია ეროვნულ არქივში, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების ფონდებში.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.