ნოემბერი 548
en

ქობულეთის ადგილობრივი არქივი დღეიდან ეროვნული არქივის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ჩაერთო

ქობულეთის ადგილობრივი არქივი იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მოქალაქეთა მომსახურების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ჩაერთო. შესაბამისად, მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს საშუალება მიეცათ, ელექტრონულ პროგრამაში ჩართული არქივების მომსახურება ადგილზე ჩაუსვლელად მიიღონ.
დისტანციურ მომსახურებასთან ერთად, მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ  ისარგებლონ დაჩქარებული მომსახურებითაც. ცნობებისა და სხვა დოკუმენტების მიიღება ორდინალურ, 10-დღიან ვადასთან ერთად, შესაძლებელი გახდა განცხადების შეტანიდან იმავე დღეს, 24 საათის გასვლისთანავე, მესამე ან მეხუთე დღეს.
 ქობულეთის ადგილობრივი არქივის გარდა, ეროვნული არქივის ერთიანი ელექტრონული სისტემით სარგებლობს: თბილისში მდებარე სამი და ქუთაისის ცენტრალური არქივები, თბილისის საქალაქო არქივი, იმერეთის, გურიის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონების არქივები, ასევე, მცხეთის, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ხობის, გურჯაანის, თელავის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლის, ახმეტის, ბოლნისის, გარდაბნის, მარნეულის, რუსთავის, დუშეთისა და თიანეთის ადგილობრივი არქივები, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დახმარებით შემუშავებული ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონული პროგრამის დანერგვით მოქალაქეთა მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახდა. სპეციალური პროგრამა ერთი მხრივ, მოქალაქეს უმარტივებს მომსახურების მიღებას, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად აჩქარებს დოკუმენტის მოძიების შიდა პროცედურებს.
ეროვნულ არქივში სხვადასხვა სახის მომსახურების მისაღებად მისულ მოქალაქეს განცხადების ხელით შევსება და პირადობის მოწმობის ასლის წარდგენა აღარ უწევს. მათ მოთხოვნას მოქალაქეთა მისაღების თანამშრომლები ელექტრონულ პროგრამაში თავად არეგისტრირებენ. ამასთან, მომსახურების პროგრამას წვდომა აქვს სამოქალაქო რეესტრის ბაზასთან, საიდანაც პიროვნების სარეგისტრაციო მონაცემების თაობაზე ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში იღებს.