ნოემბერი 548
en

რესტავრაციის ლაბორატორიის 9 თვის მუშაობის სტატისტიკა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში 2014 წლის 9 თვის განმავლობაში სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარა: 20 921 ფურცელს, 489 ფოტოპოზიტივს, 68 ტექნიკურ ნახაზსა და 12 რუკას.

რესტავრირებულ დოკუმენტებს შორის არის საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული 929 ფურცელი და 126 ეტრატი. მათ შორის: გიორგი XII-ის, იულონ ბატონიშვილის მიერ გაცემული წყალობის სიგელები;1706 წლის გულანი; თურქული საბუთები. აღსანიშნავია, მე-14 საუკუნის ხელნაწერი, ეტრატზე შესრულებული ჟამნგულანი, რომლის ნაწილის (104 ფურცელი) რესტავრაცია უკვე დასრულებულია.

გარდა ამისა, სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის ფონდში დაცულ დოკუმენტებს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს მასალებს.

რესტავრირებულ ფოტოდოკუმენტებს შორის აღსანიშნავია დიმიტრი ერმაკოვის მიერ მე-19 საუკუნის ბოლოს გადაღებული საქართველოს სამხედრო გზისა და 1914-17 წლების რუსეთ-თურქეთის ომის ამსახველი ფოტოალბომები.

ამასთან, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა ძველ საბუთთა განყოფილების 15 938 ფურცელსა და 3 ფოტოალბომს.

ლაბორატორია ჩართულია დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროექტშიც, რომლის ფარგლებში  9 თვის განმავლობაში დასასკანერებლად მომზადდა და ხელახლა აიკინძა 670 საქმე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორია თანამედროვე სტანდარტების აპარატურითა და ინვენტარით აღიჭურვა, რაც შესაძლებელს ხდის კიდევ უფრო მაღალი დონის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას და რესტავრატორთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.