ნოემბერი 548
en

საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი რესპუბლიკის“ ფინალური თამაში 22 მაისს გაიმართება

22 მაისს, 14:00 საათზე (დაჯილდოება 16:00 საათზე), საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ - ფინალური თამაში გაიმართება.

პროექტის მონაწილეებს დააჯილდოებენ: იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და საფრანგეთში ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი, ნოე რამიშვილისა და მამია ბერიშვილის შთამომავალი, ტიერი ბერიშვილი.

პროექტის დასკვნით ნაწილში 53 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი ითამაშებს. ფინალში მოხვდნენ გუნდები, რომელთაც 2019 წლის 18 აპრილს გამართულ  ნახევარფინალში 20 შესაძლებლიდან 14 და მეტი ქულა დააგროვეს.

ნახევარფინალური თამაშები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ერთდროულად შედგა. მასში მონაწილეობა 261 სკოლის გუნდმა მიიღო. სკოლის თითოეულ გუნდში 5 ძირითადი და ერთი სათადარიგო მონაწილე იყო.

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი 2015 წლიდან ტარდება და  საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება. ნახევარფინალურ და ფინალურ თამაშებს საქართველოს კლუბი “რა? სად? როდის?” უძღვება.

მისამართი: თბილისი, სასტუმრო „ბილტმორის“ საკონფერენციო დარბაზი (რუსთაველის გამზ. #29).