ნოემბერი 548
en

საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებული კარალეთის #1 სკოლა გახდა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ - გამარჯვებული გორის რაიონის სოფელ კარალეთის #1 საჯარო სკოლა გახდა. 

მეორე საპრიზო ადგილი ჭიათურის #2 სკოლამ დაიკავა, მესამე ადგილზე კი რუსთავის #6 სკოლა გავიდა. 

ფინალური თამაში თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, გაიმართა.

პროექტის გამარჯვებულები საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და საფრანგეთში ქართული ემიგრაციის წარმომადგენელმა, ნოე რამიშვილისა და მამია ბერიშვილის შთამომავალმა, ტიერი ბერიშვილმა დააჯილდოვეს.

პროექტის დასკვნით ნაწილში 53 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. ფინალში მოხვდნენ გუნდები, რომელთაც 2019 წლის 18 აპრილს გამართულ ნახევარფინალში 20 შესაძლებლიდან 14 და მეტი ქულა დააგროვეს. ნახევარფინალური თამაშები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ერთდროულად შედგა. მასში მონაწილეობა 261 სკოლის გუნდმა მიიღო. სკოლის თითოეულ გუნდში 5 ძირითადი და ერთი სათადარიგო მონაწილე იყო.

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი 2015 წლიდან ტარდება და საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება.

ნახევარფინალურ და ფინალურ თამაშებს საქართველოს კლუბი „რა? სად? როდის?“ უძღვება.