ნოემბერი 548
en

საგანმანათლებლო პროექტ-ვიქტორინაში მონაწილეთა რვა ქვეჯგუფი დაკომპლექტდა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ-ვიქტორინის მონაწილე სკოლების გუნდები რვა ქვეჯგუფში დღეს კენჭისყრით გადანაწილდა.

პროექტ-ვიქტორინაში  „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის რაიონის  32 სკოლაა ჩართული. პირველ ეტაპზე, მიმდინარე წლის მარტში, ეროვნული არქივის თანამშრომლებმა 1918-1921 წლების ისტორიის შესახებ პრეზენტაცია ყველა სკოლაში ჩაატარეს.  სკოლებს გადაეცა ის ლიტერატურა, რომლის საფუძველზეც ვიქტორინისათვის კითხვები მომზადდება.

ამის შემდეგ თითოეულმა სკოლამ ვიქტორინაში მონაწილეობისათვის ჩამოაყალიბა VIII-XI კლასის მოსწავლეებისაგან შემდგარი 5-კაციანი გუნდი.

ვიქტორინა მაისის მეორე ნახევარში გაიმართება, რასაც შეაფასებს სპეციალური ჟიური. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ნომინაციაში: „საუკეთესო გუნდი“ და  „საუკეთესო მოთამაშე“ და  დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზითა და სიგელით.

საგანმანათლებლო პროექტ - ვიქტორინას - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ - 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი.

ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი მოსწავლეთა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით  დაინტერესებას ემსახურება.