ნოემბერი 548
en

საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებული მცხეთის #1 სკოლა გახდა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ გამარჯვებული მცხეთის #1 სკოლა გახდა.
მეორე საპრიზო ადგილი „ევროპულმა სკოლამ“, ხოლო მესამე - სკოლა „კანდიდმა“ დაიკავა.
ვიქტორინის საუკეთესო მოთამაშე „კანდიდის“ გუნდის წევრი თამარ ბერიძე გახდა, რომელმაც ყველაზე მეტ კითხვაზე გასცა სწორი პასუხი.
პროექტში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის 32 სკოლა მონაწილეობდა. პირველ ეტაპზე საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე ეროვნული არქივის თანამშრომლებმა პრეზენტაციები ჩაატარეს. თითოეულმა სკოლამ შექმნა 5-კაციანი გუნდი, რომლებიც ვიქტორინაში მონაწილეობის მისაღებად 8 ქვეჯგუფში კენჭისყრით განაწილდნენ. პროექტის ფინალური ეტაპი - ვიქტორინა - 21 და 22 მაისს გაიმართა.
საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება.
საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები, ისევე, როგორც საუკეთესო მონაწილე, მომდევნო კვირაში ეროვნული არქივის დაწესებული სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდებიან.