ნოემბერი 548
en

საქართველოს ეროვნულმა არქივმა საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) 26-ე ყრილობაზე საკუთარი პროექტები წარადგინა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) 26-ე ყრილობაში მიიღო მონაწილეობა. Zoom-ის პლატფორმაზე გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული არქივის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ორი მიმდინარე პროექტი: „მეორე მსოფლიო ომი ქართულ არქივებში“, რაც ეროვნული არქივის ფონდებში ამ თემაზე დაცული დოკუმენტების გამოვლენას, ორენოვანი გზამკვლევის შექმნას, ომის მონაწილეთა მოგონებების გამოცემასა და საარქივო მასალაზე დაყრდნობით სამეცნიერო ნაშრომების მომზადებას გულისხმობს და „ქართული კინომემკვიდრეობის დაცვა“, რაც ითვალისწინებს ქართული კინოკოლექციების დიგიტალიზაციასა და ციფრულ რესტავრაციას, ონლაინ კინოკატალოგის შექმნას და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივისთვის ახალი შენობის მშენებლობას. 

ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ეროვნული არქივის საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სოფიო ჯობავა, კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე და სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელი დიმიტრი სილაქაძე. 

ქართველმა მონაწილეებმა უცხოელი კოლეგები მიიწვიეს საქართველოს ეროვნული არქივის მე-6 საერთაშორისო ონლაინკონფერენციაზე, რომელიც 2021 წლის 23-24 სექტემბერს გაიმართება.  

საქართველოს ეროვნულ არქივი 2014 წლიდან არის საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) წევრი და აქტიურად მონაწილეობს მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.