ნოემბერი 548
en

„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ – ეროვნულ არქივში გამოფენა გაიხსნა

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წლის იუბილეს გამოფენა მიეძღვნა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ დღეს გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის ამსახველი მრავალფეროვანი მასალა. დოკუმენტებს შორისაა როგორც პირველი რესპუბლიკის სიმბოლიკა - დამოუკიდებლობის აქტები, გერბისა და დროშის ესკიზები, ჰიმნის ნოტები - ისე 26 მაისის საზეიმო აღნიშვნის შესახებ დოკუმენტები და ქვეყნის პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ კულტურული ცხოვრების ამსახველი საარქივო მასალა.

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია ორი თვე გაგრძელდება და მისი დათვალიერება თავისუფალია.