ნოემბერი 548
en

სამების ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, სხვა სასულიერო პირებმა, კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარია, ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და სხვებმა.
კონფერენციაზე საქართველოს ეროვნული არქივისა და სასულიერო აკადემიის წარმომადგენლებმა მოხსენებები წარადგინეს საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიულ მნიშვნელობასა და დოკუმენტებზე, რომელიც ეროვნულ არქივშია დაცული.
საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორმა ანტონ მაჭარაძემ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლასთან დაკავშირებულ ერთ კონკრეტულ დოკუმენტზე გაამახვილა ყურადღება, რომელის მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველი სასულიერო პირების მიღე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხის გაყენებას შეეხება. უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის დოკუმენტების გამოყენების განყოფილების უფროსმა ნათია მირიანაშვილმა კი მოხსენება წაიკითხა – „საქართველოს ავტოკეფალიის საკითხი მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში“.

კონფერენცია უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და მსოფლიო საპატრიარქოს მიერ 1990 წელს საქართველოს საპატრიარქოს ავტოკეფალიის აღდგენის საკითხზე საუბრით დაასრულა.
ღონისძიება გუშინ მართლმადიდებლობის დღესასწაულსა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიის დღესთან დაკავშირებული გამოფენის პარალელურად გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია: სახარება, „ანბანდიდად“ წოდებული (IX საუკუნე);  საგალობლები ძველი სანოტო ნიშნებით (IX-X საუკუნეების); „ანჩის სახარება“ (XII საუკუნე) „დავითნი“ (XII საუკუნე);   „შეწირულების  დაწერილი მელქისედეკ კათალიკოსისა  მცხეთის საყდრისადმი“ (1031-1033 წლები); „ანდერძი დავით აღმაშენებლისა შიომღვიმის მონასტრისადმი“ (1123 წელი); „ბრძანება ლაშა გიორგისა შიო მღვიმის მონასტრისადმი“ (1222 წელი); „სოფლების შეწირულების სიგელი დოროთეოს კათალიკოსისა ნიტრიის ღმრთისმშობლის მონასტრისადმი“ (1589-1595 წლები) და სხვ. წერილობით დოკუმენტებთან ერთად, გამოფენა მოიცავს საეკლესიო მოხატული ხელნაწერებისა და საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებულ ფოტოებს.