ნოემბერი 548
en

„სამხედრო ცენტრის“ ოფიცრების გმირულ ისტორიას ლექცია მიეძღვნა

საქართველოს ეროვნულ-პატრიოტული ძალებისაგან შემდგარი „სამხედრო ცენტრის“ ოფიცრების დახვრეტიდან 100 წელი შესრულდა. ამ თემას მიეძღვნა საჯარო ლექცია, რომელიც ეროვნული არქივის კინოთეატრში დღეს გაიმართა. ლექციას საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ ეროვნულ-პატრიოტული ძალები საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად სხვადასხვა გეგმას ამუშავებდნენ, მათ შორის იყო შეიარაღებული აჯანყების ორგანიზება. ამ მიზნით საქართველოში მოქმედი შეიარაღებული რაზმები გაერთიანდნენ და „სამხედრო ცენტრი“ ჩამოაყალიბეს.

ბოლშევიკებმა ამ ორგანიზაციის წევრი 15 ქართველი ოფიცერი დააპატიმრეს და თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე, დახვრიტეს. ქართველმა სამხედრო პირებმა დახვრეტის წინაც გმირობის მაგალითი აჩვენეს. მათ შორის იყვნენ: გენერლები - კოტე აფხაზი, ვარდენ წულუკიძე, ალექსანდრე ანდრონიკიშვილი; პოლკოვნიკები: გიორგი ხიმშიაშვილი, როსტომ მუსხელიშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, ელიზბარ გულისაშვილი, ოფიცრები: მიხეილ ზანდუკელი, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, ივანე ქუთათელაძე; როტმისტრი ფარნაოზ ყარალაშვილი; ასევე: იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, ლევან კლიმიაშვილი და დიმიტრი ჩრდილელი.

ლექცია წაიკითხეს საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომლებმა: ლევან ჯიქიამ და დიმიტრი სილაქაძემ.