ნოემბერი 548
en

საქართველოს ეროვნულ არქივს აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას პირადი არქივი გადაეცა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ცენტრალურ საისტორიო არქივს კიდევ ერთი, სამეცნიერო და საზოგადოებრივ - პოლიტიკური მნიშვნელობის დოკუმენტები შეემატა. ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას პირადი არქივი მისმა ოჯახმა ეროვნულ არქივს უსასყიდლოდ გადასცა. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს სიმონ ჯანაშიას ოჯახის წევრები - ქალიშვილი რუსუდან ჯანაშია და შვილიშვილი სიკო ჯანაშია ეროვნულ არქივს ეწვევნენ და ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს თეონა იაშვილს შეხვდნენ.„ეროვნული არქივისათვის უდიდესი შენაძენია ის უნიკალური დოკუმენტები, რომელიც სიმონ ჯანაშიას ოჯახმა გადმოგვცა. აქ წარმოდგენილი წერილობითი და ფოტომასალა საინტერესო იქნება ისტორიის მკვლევართათვის და ნებისმიერი პირისათვის“, - განაცხადა თეონა იაშვილმა. „რაც დრო გადის, მეტი ფასი ედება იმ მასალას, რომელიც ათეულებით წლის წინათ გროვდებოდა. ეროვნული არქივის ავტორიტეტი დიდია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, აქ შეგვენახა სიმონ ჯანაშიას პირადი არქივი“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსუდან ჯანაშიამ. ეროვნული საარქივო ფონდისათვის გადაცემული დოკუმენტები მოიცავს სიმონ ჯანაშიას ხანმოკლე ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველ მდიდარ დოკუმენტურ მასალას. 
განსაკუთრებით საინტერესოა 1929 წელს ჩერქეზეთში მოგზაურობის დღიური, მასალები ქართველ-ჩერქეზთა ურთიერთობის შესახებ. ისტორიკოსის პირად ფონდში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დოკუმენტებს აფხაზეთის ისტორიის შესახებ; აფხაზური ლექსიკის, მუსიკის, თეატრის შესახებ; აფხაზური ანბანის ტაბულებს, ზღაპრებს, ფოტომასალას, აფხაზურ სკოლებში ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის სწავლებას, მასალებს აფხაზეთში სამეცნიერო სესიების ჩატარების შესახებ. ასევე, დაცულია მცხეთა-სამთავროსა და არმაზის არქეოლოგიური ექსპედიციების ოქმები, ანგარიშები - 1940-იან წლებში სიმონ ჯანაშია ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს მცხეთასა და არმაზში.
ჯანაშიას მოღვაწეობის მთავარი სფერო იყო ქართველი ხალხისა და სხვა იბერიულ-კავკასიური ხალხების ეთნოგენეზისი, ამდენად უმნიშვნელოვანესია მასალები, რომლებიც ეხება საქართველოს, ოსმალეთის, ლაზისტანის ისტორიას; ხეთოლოგიის, არაბების, ხაზარების, სუბერების საკითხებს. 
ცალკე ადგილი უჭირავს ამონაწერებს მატიანეებიდან, ქართველ მეფეთა გენეალოგიას, ცნობებს კონსტანტინე პორფიროგენეტზე, სუმბათ დავითის ძეზე, ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებზე. 
სიმონ ჯანაშიას პირად არქივში დაცული უნიკალური მასალები დიდ სამსახურს გაუწევს ქართველ ხალხს და საისტორიო მეცნიერების განვითარებას.