ნოემბერი 548
en

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული სპარსული საბუთების კოლექციის გამოფენა ირანში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილების უფროსი მანანა ჭუმბურიძე და საზოგადოებასა და საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენელი სოფიო ჯობავა 19 ოქტომბერს გაემგზავრებიან ირანში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონფერენციაში „კავკასიის უძველესი ისტორია“. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული სპარსული საბუთების გამოფენა. 
კონფერენცია თავრიზის უნივერსიტეტში 20-21 ოქტომბერს გაიმართება და  კავკასიისა და ირანის ისტორიული, პოლიტიკური, კულტურულ-საზოგადოებრივი ურთიერთობების საკითხებს შეეხება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ირანის კულტურის ინსტიტუტი და თავრიზის უნივერსისტეტი. 
საქართველოს ეროვნული არქივი კონფერენციაზე წარდგება მოხსენებით: „ეროვნულ არქივში დაცული სპარსული საბუთების წარმომავლობის, შინაარსისა და მნიშვნელობის შესახებ კავკასიის ხალხთა ისტორიაში“.   
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული სპარსული საბუთების გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: შაჰ-თამაზ I-ის, შაჰ-აბას I-ის, შაჰ-სეფი I-ის, შაჰ-აბას II-ის, შაჰ-სულეიმან I-ის, შაჰ-სულთან ჰუსეინის, ნადირ-შაჰის, ქერიმ-ხანის, აღა-მაჰმად ხანის, ფათალი-შაჰის, აბას მირზას ფირმანების, ოქმებისა და არზების, სულ 36 დოკუმენტის ფოტოასლი. 
სპარსული საბუთების მასალად გამოყენებულია აღმოსავლური წარმოშობის ქაღალდი, აგრეთვე, ნარინჯისფერი და ყვითელი ქაღალდი ოქროს ვარაყით. დოკუმენტების უმრავლესობა მოხატულია ლურჯი, წითელი და მწვანე ფერის ორნამენტებით. 
ეროვნულ არქივში დაცული სპარსული საბუთების კოლექცია შედგება 1237 დოკუმენტისგან, რომელიც მოიცავს: შაჰის ფირმანებს (ბრძანებებს), ოქმებს, ნასყიდობის წიგნებს, წერილებს, სავაჭრო გარიგებათა ხელწერილებს, არზებს შაჰის ან საქართველოს მეფის რეზოლუციებით.