ნოემბერი 548
en

საქართველოს შვედეთის ბიზნესის ისტორიის ცენტრის დელეგაცია ეწვევა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს 20 მარტს ეწვევა შვედეთის ბიზნესის ისტორიის ცენტრის დელეგაცია, რომელსაც ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდერ ჰიუსბაი ხელმძღვანელობს. 
ვიზიტის მიზანი საქართველოში ძმები ნობელების მოღვაწეობის ისტორიის შესწავლა და იმ დოკუმენტების გაცნობაა, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივსა და ბათუმის ნობელის ტექნოლოგიურ მუზეუმში არის დაცული და შეეხება 1870-1922 წლებში შვედური კომპანიების მუშაობას ჩვენს ქვეყანაში. 
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ნობელის საზოგადოების ხელმძღვანელი თომას ტიდენი, ბიზნესის ისტორიის ცენტრის კვლევის ჯგუფის უფროსი პერ დალი, პროგრამის მენეჯერი ჰანს გუსტაფსონი და ბიზნესის ისტორიის ცენტრის არქივისტი ვადიმ აზბელი.
21 მარტს დელეგაციის წევრები შეხვდებიან იუსტიციის მინისტრის  მოადგილეს გიორგი ვაშაძეს, ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს თეონა იაშვილს და გაეცნობიან ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებს. ამავე დღეს ეროვნულ არქივსა და შვედეთის ბიზნესის ისტორიის ცენტრს შორის გაფორმდება წინასწარი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას ძმები ნობელებისა და შვედური კომპანიების საქართველოში მოღვაწეობის ისტორიის შესწავლის საქმეში. 
22-23 მარტს დელეგაციის ვიზიტი ბათუმში გაგრძელდება, სადაც გაეცნობიან ნობელის ტექნოლოგიური მუზეუმის ექსპონატებს და შეხვდებიან აჭარის ავტონომური რესპუბლიკის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს, ბათუმის მერს რობერტ ჩხაიძეს, ნობელის მუზეუმის ხელმძღვანელს თემურ ტუნაძეს. 
დელეგაცია 24 მარტს დაბრუნდება თბილისში და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეს დავით ცხადაძეს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს ირაკლი მატკავას შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ძმები ნობელების ისტორიის შესწავლის პროექტის პირველ ეტაპზე შვედეთის ბიზნესის ისტორიის ცენტრი თანამშრომლობდა აზერბაიჯანის ეროვნულ არქივთან. საქართველოში მუშაობის დასრულების შემდეგ, 2011 წლის მაისში ორივე ქვეყანაში მოპოვებული მასალები განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე. 
ვიზიტი 24 მარტს დასრულდება.