ნოემბერი 548
en

საქართველოსა და უნგრეთის არქივებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და უნგრეთის სახელმწიფო არქივს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და უნგრეთს შორის აქტიურ კულტურულ და საქმიან ურთიერთობებს.
შეთანხმებით გათვალისწინებულია თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებაში. მხარეები ერთმანეთს მიაწვდიან საარქივო დოკუმენტების გამოცემებს, სამეცნიერო და მეთოდოლოგიურ ლიტერატურას, მოაწყობენ პროფესიულ და სამეცნიერო შეხვედრებსა და საარქივო გამოფენებს. ასევე, საშუალება ექნებათ, მოიძიონ დოკუმენტები და გაცვალონ დეტალური ინფორმაცია; ფონდებისა და კოლექციების გამდიდრების მიზნით ერთმანეთს მიაწოდონ ორივე ქვეყნის ისტორიისთვის ღირებული საარქივო დოკუმენტების ასლები (წერილობითი, კინო და ფოტო დოკუმენტები).
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია უამრავი დოკუმენტი, რომელიც საქართველო-უნგრეთის კულტურულ ურთიერთობებს ასახავს. დოკუმენტები მოიცავს 1807-1985 წლებს, მათგან წერილობითი დოკუმენტები თარიღდება 1807-1963 წლებით, ხოლო კინო, ფოტო და ფონოდოკუმენტები – 1945-1985 წლებით. ეს მასალები ასახავენ ჩვენი ქვეყნების ისტორიულ, ეკონომიკურ, კულტურულ კავშირებს.