ნოემბერი 548
en

სესილია თაყაიშვილის იუბილეს მულტიმედიური გამოფენა მიეძღვნა

სესილია თაყაიშვილის დაბადებიდან 115 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ონლაინგამოფენას უძღვნის. 

მულტიმედიური ექსპოზიცია მსახიობის დაბადების დღემდე 1 დღით ადრე - 16 სექტემბერს - ხელმისაწვდომი გახდა ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/sesilia-taqaishvili-1

სესილია თაყაიშვილი 1906 წლის 17 სექტემბერს ბათუმში დაიბადა. სამსახიობო მოღვაწეობა თეატრში დაიწყო და სპექტაკლებში 120-მდე როლი განასახიერა. დიდია მისი ღვაწლი ქართულ კინომატოგრაფიაში, სადაც 1945 წლიდან მოღვაწეობდა და 40 ფილმში ითამაშა.

ექსპოზიცია მოიცავს ფოტოებს მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნებიდან და თეატრალური სპექტაკლებიდან, აფიშებს, ფრაგმენტებს დოკუმენტური ფილმიდან „სესილია თაყაიშვილი“, აუდიოჩანაწერებს და წერილობით დოკუმენტებს. 

ფოტოებს შორისაა კადრები მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნებიდან: „აბეზარა" (1956), „ჩვენი ეზო" (1957), „მანანა" (1958), „საბუდარელი ჭაბუკი" (1958), „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1962), „თოჯინები იცინიან" (1963) და ა.შ. ამასთან, დამთვალიერებელი იხილავს სესილია თაყაიშვილის საოჯახო ალბომის ფოტოსურათებს, რომელიც მსახიობის თეატრალურ როლებს ასახავს: სიუზონი სპექტაკლში „ფიგაროს ქორწინება" (1937); პარასკევა სპექტაკლში „ნაპერწკალიდან" (1937); პრიუდანსი სპექტაკლში „მარგარიტა გოტიე" (1940); ჰერცოგინია გალზბურგი სპექტაკლში „რიუ ბლაზი" (1941); კატარინა სპექტაკლში „ჭირვეული ცოლის მორჯულება" (1943); ბარონესა შტრალი სპექტაკლში „მასკარადი" (1946); ელისაბედ დედოფალი სპექტაკლში „მარიამ სტიუარტი" (1955).