ნოემბერი 548
en

თეა წულუკიანმა ეროვნული არქივის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მშენებლობა დაათვალიერა

საქართველოს ეროვნულ არქივს სამცხე-ჯავახეთში მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება. ახალციხეში მიმდინარე სარეკონსტრუქციო და საცავის სამშენებლო სამუშაოები დღეს ვიცე-პრემიერმა,  იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, დაათვალიერა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე.

ახალციხის რეგიონული არქივი 1962 წელს აშენდა. სამსართულიანი შენობა 524 მ2 -ია. მის არქივსაცავში ამჟამად ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის რაიონების 140 ათასამდე საარქივო საქმეა განთავსებული.  შენობის რეაბილიტაცია და ახალი საცავის მშენებლობა 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო. საწყის ეტაპზევე, მიწის სამუშაოებისას, აღმოჩნდა ძველი შენობის ფრაგმენტები. მის შესწავლაში ჩაერთნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. მათი რეკომენდაციით, საჭირო იყო XVIII-XIX საუკუნეების ნაგებობის ნაშთის კულტურული და არქეოლოგიური ფენების დაცვა-შენარჩუნება. ამის გათვალისწინებით შეიცვალა პროექტის არქიტექტურულ-გეგმარებითი სტრუქტურა ისე, რომ არ დაზიანებულიყო არქეოლოგიური ფენა. შეცვლილი პროექტით მშენებლობა 2019 წლის 2 აპრილიდან განახლდა. რეკონსტრუქციის შემდგომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივი ახალციხის ერთ-ერთი ტურისტული ადგილიც გახდება. მშენებლობისას აღმოჩენილი XVIII-XIX საუკუნეების ნაგებობის ნაშთები შენარჩუნდა და დამთვალიერებელთათვის ღია იქნება.

არქიტექტურული პროექტის მიხედვით, არსებული შენობის რეაბილიტაციასთან ერთად, მის გვერდით შენდება 3-სართულიანი არქივსაცავი, რომელიც შენობას პანორამული დერეფნებით დაუკავშირდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ შენობის საერთო ფართი 1200 მ2 იქნება, გაიზრდება საცავის ტეროტორიაც, აქ დაცულ დოკუმენტებს დაემატება ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის საარქივო ფონდები და საქმეთა რაოდენობა 250 ათასს გადააჭარბებს.

შენობა სრულად აღიჭურვება გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის თანამედროვე სისტემებით, ინვენტარითა და ავეჯით. მოქალაქეთათვის მოეწყობა სამკითხველო დარბაზი, კეთილმოეწყობა ეზო და მიმდებარე ტერიტორია.

მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული შპს „ხომერიკი და კომპანია“  ახორციელებს.