ნოემბერი 548
en

თსუ-ში ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების გამოფენა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის ერთობლივი გამოფენა „სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტამდე“ დღეს თსუ-ს სააქტო დარბაზის ფოიეში გაიმართა.

გამოფენა თსუ-ს 90 წლისთავთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საიუბილეო ღონისძიებათა კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 1917-1949 წლების დოკუმენტები, რომლებშიც ასახულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორია. საგამოფენო დოკუმენტებს შორისაა პროფესორების: პეტრე მელიქიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, იოსებ ყიფშიძის, კორნელი კეკელიძის, იუსტინე აბულაძის, სიმონ ყაუხჩიშვილის, გრიგოლ წერეთლის, გივი ჟორდანიას, შალვა ამირანაშვილის, აკაკი ურუშაძის, გიორგი ნიორაძის, ალექსანდრე წერეთლის, გრიგოლ ნათაძის, აკაკი შანიძის, ექვთიმე თაყაიშვილის, შალვა ნუცუბიძის, გიორგი ჩუბინაშვილის, დიმიტრი უზნაძის, გიორგი ახვლედიანის, ვარლამ თოფურიას, ნიკოლოზ ბერძენიშვილისა და სხვა ცნობილ მეცნიერთა მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები.

გამოფენა 16 ივნისიდან ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაგრძელდება და ორ კვირას გასტანს.