ნოემბერი 548
en

უძველეს ქართულ დოკუმენტურ ფილმს თანამედროვე კინოლაბორატორიაში აღადგენენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ და „ქართულმა ფილმმა“ დღეს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია მოაწყვეს. ეროვნულ არქივში დაცული, 1912 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმის „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ ფირებს „ქართული ფილმის“ თანამედროვე კინოლაბორატორიაში აღადგენენ და ციფრულ მატარებელზე გადაიტანენ.

ღონისძიებას კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკა ვაჩეიშვილი. იუსტიციის მინისტრის მოადგილე მაია კოპალეიშვილი და ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი დაესწრნენ.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, პროექტის მიზანი, მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული დოკუმენტების შენახვასა და დაცვასთან ერთად, არის მომავალი თაობისთვის იმისი ჩვენება, თუ როგორი კულტურის მემკვიდრეები არიან, რაც, ერთდროულად, საამაყო და საპასუხისმგებლოა.
„აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ ევროპაში ერთ-ერთ პირველ დოკუმენტურ ფილმადაა აღიარებული. იგი პირველმა ქართველმა კინოდოკუმენტალისტმა, რეჟისორმა და ოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა გადაიღო. აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია სწორედ მის დაბადების დღეს დაამთხვიეს.

ფილმი ეროვნულ არქივში 1959 წლიდან ინახება. იგი ორნაწილიანია, ნიტროფირის სიგრძეა 540 მეტრი. 1977 წელს კი ნიტროფირიდან გადაბეჭდეს ტრეაცეტატულ, არააალებად ფირზე.

ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილის ცნობით, ფილმის ფირები ინახებოდა არქივის საცავებში, სადაც არის კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, მაგრამ ვერ ხერხდებოდა ფირების სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება. „ქართული ფილმის“ თანამედროვე ლაბორატორიის მეშვეობით, ფილმის რესტავრაცია მოხდება. იმედი მაქვს, ეროვნულ საცავებში დაცული 29 ათასი ფირის აღდგენაც ნელ-ნელა მოხერხდება და ყველა მათგანი ელექტრომატარებელზე გადავა", - განაცხადა თეონა იაშვილმა.

კულტურის მინისტრის განცხადებით კი, აღნიშნული უძველესი ქართული ფილმის კანის კინოფესტივალზე წარდგენა იგეგმება.