ნოემბერი 548
en

ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონული არქივის ახალი შენობა გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონული არქივის ახალ შენობა გახსნა.

ზუგდიდის არქივის აქამდე არსებულ სამსართულიან შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ამავდროულად, მის გვერდით აშენდა 4-სართულიანი შენობა, სადაც საარქივო დოკუმენტების საცავები განთავსდა. შენობები ერთმანეთს მე-2 და მე-3 სართულებზე არსებული ხიდებით დაუკავშირდა. 

საცავები, რომლის მთლიანი ფართი 1112 კვ. მეტრია, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო, აღიჭურვა კონდიცირების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით. სამეგრელოს რეგიონის რაიონების - ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის არქივების დოკუმენტები, სულ 371 218 საქმე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული. 

სამეგრელოს რეგიონულ არქივში დოკუმენტები 1920-იანი წლებიდან ინახება.

საარქივო დოკუმენტები ასახავს რეგიონის სოფლებისა და ქალაქების სოციალურ და კულტურულ ყოფას, ინფრასტრუქტურის განვითარების ეტაპებს, დემოგრაფიულ მონაცემებს, ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობას.

საარქივო მასალები, ასევე, მოიცავს ინფორმაციას ადგილობრივი სასწავლო დაწესებულებების, ფაბრიკა-ქარხნების, თეატრებისა და კულტურის სახლების, საავადმყოფოების, სოფლის მეურნეობის ორგანიზაციების შესახებ.

დოკუმენტების საცავებსა და სამუშაო ოთახებთან ერთად, რეგიონული არქივის შენობაში მოეწყო სამკითხველო და საგამოფენო სივრცე. 

მშენებლობა ტენდერით შერჩეულმა ორგანიზაციამ - შპს ,,აგრომშენსერვისმა“ განახორციელა. სამშენებლო სამუშაოებზე 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ რეგიონული არქივების ახალი შენობები შარშან რუსთავსა და თელავში გაიხსნა. ამასთან, დაწყებულია ქუთაისის ცენტრალური არქივის მშენებლობა.

ღონისძიებას დაესწრნენ: ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსი.