ნოემბერი 548
en

2023 წლის 6 თვეში ეროვნული არქივის მომსახურებით 11 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი 2023 წლის პირველ ნახევარში 11 000-მდე მოქალაქეს მოემსახურა.

ეროვნული არქივის ცენტრალური, ასევე რეგიონული და ადგილობრივი არქივებიდან  ამ პერიოდში გაიცა 9664 საარქივო ცნობა. ამასთან,  მკვლევართა დარბაზების მომსახურებით 1059-მა მკვლევარმა ისარგებლა, რომელთაგან 37  უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. მკვლევარებმა წლის განმავლობაში იმუშავეს კავკასიის ისტორიის, სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური როლის, მე-19 საუკუნის კავკასიაში მეფის ინტიტუტის, საქართველოსა და კავკასიაში ინფექციური დაავადებების ისტორიის, თბილისის არქიტექტურის ისტორიის, საქართველოში არსებული კურორტებისა და სანატორიუმების, გვარების გენეალოგიის შესახებ. 

გარდა ამისა, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის პასუხად გაიგზავნა 6 058  წერილი, ხოლო სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში დამუშავდა 322 008 საარქივო მონაცემი. 

ეროვნულ არქივში მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობები: დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების; რეპრესიისა და რეაბილიტაციის შესახებ; სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი; ბიოგრაფიული ხასიათის; ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობები და სხვ. 

ეროვნული არქივის საცნობარო მომსახურების მიღება შესაძლებელია: იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეგიონულ და ადგილობრივ არქივებში.