ნოემბერი 548
en

ეროვნულ არქივის ფილმები თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე

თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის   ფარგლებში  5 დეკემბერს, 20:00 საათზე კინოთეატრ რუსთაველის მეხუთე კინოდარბაზში მოეწყობა უხმო კინოს პერიოდში გადაღებული ოთხი მოკლემეტრაჟიანი  ფილმის ჩვენება, რომლებიც დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში.

„კულტურფილმის“ ჟანრიდან შერჩეულ ფილმებს აერთიანებს კონცეფცია „სხეული/მანქანა“. ფესტივალზე ჩვენებისათვის შერჩეული ფილმებიდან ორი კოტე მიქაბერიძისა და ვასილ დოლენკოს „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“ (1930 წ.) სიკო დოლიძის „მიწის ძახილი“ (1928 წ.) ახალგაზრდა სოციალისტური რესპუბლიკისთვის ძალიან აქტუალურ თემას, კოლექტიურ მეურნეობებში სამუშაო პროცესის მექანიზაციას და შრომის ახლებურ განაწილებას ეხება. ორიც, ვახტანგ შველიძის „კოლმეურნის ჰიგიენა“ (1934 წ.) და ალექსანდრე ჯალიაშვილის „დილის ათი წუთი“ (1932 წ.) ასახავს სახელმწიფო პოლიტიკას სხეულის გაჯანსაღების საკითხებში.  ფილმებს ცოცხალი მუსიკით გააფორმებენ რეზო კიკნაძე და ანსამბლი „Consilia".

თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი  კინოხელოვნების ცენტრ „პრომეთეს“ ორგანიზებით  3-დან 9 დეკემბრამდე თბილისში იმართება.

კინოთეატრების ეკრანები ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს ფესტივალის ფარგლებში მონაწილე საავტორო, არაკომერციულ თუ  ექსპერიმენტულ სულ 130 ფილმს.


კინოფესტივალის მიზანია  წარმოადგინოს  მსოფლიოს და ქათული კინემატოგრაფიის საუკეთესო ნამუშევრები,  ხელი შეუწყოს  სხვადასხვა კულტურათა წარმომადგენლების დაახლოებას.