ნოემბერი 548
en

ეროვნულ არქივში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა, სიძველეთმცოდნეობა - ტენდენციები და თანამედროვე გამოწვევები“ გაიხსნა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ, ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, დარეჯან თვალთვაძემ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ზაზა აბაშიძემ და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მარიამ დიდებულიძემ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა: „იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში განსაკუთრებული ისტორიული ღირებულების მქონე მასალა ინახება. შესაბამისად, ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს იმისთვის, რომ ეროვნული არქივი გახდეს ის კერა, რომელშიც მნიშვნელოვანი სამეცნიერო მუშაობა წარიმართება. ვფიქრობ, დღეს გახსნილი კონფერენცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საარქივო საქმის განვითარებას“.

ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის, თეონა იაშვილის თქმით: „ეროვნულ არქივში დაცულ მასალაზე დაყრდნობით, ისტორიკოსებს, წყაროთმცოდნეებს, ნებისმიერი ჰუმანიტარული დარგის სპეციალისტებს ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, წელს პირველად გაგვემართა, და მომავალშიც სისტემატური ხასიათი მივცეთ ამგვარ კონფერენციებს“.

კონფერენცია მიზნად ისახავს აღნიშნული საკითხების ირგვლივ არსებული სიახლეების თავმოყრას, ქართველი და უცხოელი მეცნიერების კომუნიკაციასა და საარქივო საქმესთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებას, საარქივო სივრცეში წყაროთმცოდნეობისა და სიძველეთმცოდნეობის საკითხების განხილვას, ელექტრონულ ბაზებთან დაკავშირებული სიახლეების გაზიარებას, სამეცნიერო ინოვაციების შემოტანას.

სამდღიან კონფერენციაში მონაწილეობას 42 მომხსენებელი მიიღებს. მათ შორის: ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო დაწესებულების წარმომადგენლები.  

ღონისძიების პირველი დღე კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის თავმჯდომარის, ოლივერ რაისნერის, მოხსენებით გაიხსნა საქართველოს არქივებში გერმანელი კოლონისტების ორასწლიანი კვალის შესახებ.

საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა, სიძველეთმცოდნეობა – ტენდენციები და თანამედროვე გამოწვევები“ ეროვნულ არქივში 3 სექტემბერს დასრულდება.  

დასწრება თავისუფალია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. 1/პეკინის გამზირი 40

ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეა