საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში 2025 წლის განმავლობაში რესტავრაცია ჩაუტარდა საარქივო დოკუმენტების 22 464 ფურცელს, 117 ფოტოს, 129 გაზეთს, 18 ისტორიულ საბუთს, 4 რუკას, 83 ტექნიკურ (საპროექტო) ნახაზს.
რესტავრირებულ დოკუმენტებს შორისაა: ისტორიკოს თედო ჟორდანიას პირადი ფონდის საქმე - ისტორიული და ეთნოგრაფიული ჩანაწერების 400-მდე ფურცელი; მე-19 საუკუნის 18 ერთეული ნასყიდობის წიგნი; 1918 წლის გაზეთების 129 ნომერი; 1923 წელს გამოცემული საქართველოს ისტორიული რუკა; კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 2 ფოტოალბომის 117 ფოტოპოზიტივი.
ეროვნული არქივი რესტავრაციის პროცესში თანამედროვე სარესტავრაციო მასალასა და ტექნოლოგიებს იყენებს, რაც საარქივო დოკუმენტების უკეთ დაცვასა და ხანგრძლივად შენახვას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარში ეროვნული არქივი წიგნისა და ქაღალდის რესტავრატორთა საერთაშორისო ასოციაციის (International Association of Book and Paper Conservators – IADA) წევრი გახდა. ეს სიახლე ეროვნული არქივის რესტავრატორებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას, მონაწილეობა მიიღონ სამუშაო შეხვედრებსა და სასწავლო კურსებში და ითანამშრომლონ წამყვან პროფესიულ ორგანიზაციებთან.