ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ნახევარფინალური თამაში დასრულდა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ნახევარფინალური თამაში დღეს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ერთდრულად გაიმართა.

ნახევარფინალში საქართველოს მასშტაბით 370-მდე სკოლა მონაწილეობდა, სკოლის თითოეულ გუნდში 5 ძირითადი და ერთი სათარადიგო მონაწილე იყო. 

ნახევარფინალში საუკეთესო შედეგის მქონე 60 სკოლის გუნდი გადავა ფინალში, რომელიც 21 მაისს თბილისში გაიმართება.

ფინალში გადასული გუნდები სამივე ქალაქში ჩატარებული ნახევარფინალური შეხვედრის შედეგების შეჯამების შემდეგ გაირკვევა და გუნდებს შედეგების გასაჩივრების საშუალება 29 აპრილამდე ექნებათ. 2 მაისს კი უკვე საბოლოოდ დაზუსტდება ფინალისტების ვინაობა.

ღონისძიება საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ნახევარფინალურ და ფინალურ თამაშებს საქართველოს კლუბი “რა? სად? როდის?” უძღვება.

სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა. პროექტში მონაწილე სკოლის გუნდებს გადაეცათ 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები, რომელთა მიხედვითაც მომზადდა ნახევარფინალური და ფინალური თამაშის კითხვები. 

პროექტის გამარჯვებულები პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.