ნოემბერი 548
en

ეროვნული არქივის ყოველწლიური კონფერენცია დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნება

საქართველოს ეროვნული არქივის ყოველწლიური კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“, რომელიც 2018 წლის 20-22 სექტემბერს გაიმართება, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნება. ტრადიციული ბლოკების გარდა, კონფერენციაზე  ცალკე მიმართულებად იქნება წარმოდგენილი 1918-21 წლების საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინაპერიოდსა და პირველი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ემიგრაციასთან დაკავშირებული თემები.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთაგან თეზისების მიღება უკვე დაიწყო.

კონფერენციის მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, მჭიდრო სამეცნიერო კავშირების დამყარება ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაცია, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.

კონფერენცია მოიცავს რამდენიმე სამეცნიერო მიმართულებას: საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში; არქივთმცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოგრაფია; ფილოლოგია; რესტავრაცია-კონსერვაცია; საბუნებისმეტყველო კვლევები და სხვა.

კონფერენციის ფარგლებში იქნება მცირე საგანმანათლებლო პროგრამებიც, რომლებიც პლენარული სესიების ფარგლებში ჩატარდება.

ეროვნული არქივის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა.

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.