ნოემბერი 548
en

იტალიელი ალპინისტის 1890-იანი წლების ფოტოკოლექცია ეროვნული არქივის ვებგვერდზე გახდა ხელმისაწვდომი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე იტალიელი ალპინისტისა და ფოტოგრაფის, ვიტორიო სელას ფოტოკოლექციის ნაწილი გამოქვეყნდა. 

კოლექციაში წარმოდგენილია სურათები, რომელიც ვიტორიო სელამ საქართველოში მოგზაურობისას 1889, 1890 და 1896 წლებში გადაიღო.  სტანდარტულ, პანორამულ და სტერეოსკოპულ ფოტოებზე ასახულია სვანეთის მწვერვალები, მყინვარები, ხეობები, სოფლები. მათ შორისაა: გისტოლას, თეთნულდის, უშბას, იალბუზის, ლაჰილის, ასევე, თბილისის, მცხეთის, მესტიისა და სოფლების: უშგულის, მაზერის, მულახის, მუჟალის, ადიშის, ღების ხედები. სელას ფოტოკამერამ ასევე აღბეჭდა სვანეთისა და რაჭის ადგილობრივი მოსახლეობის ეთნოგრაფიული შინაარსის სურათები. 

სელას ნამუშევრებს იტალიაში მთარგმნელმა და რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა 1980-იან წლებში მიაკვლია.  მან ფოტოების ერთი ნაწილი საქართველოს ეროვნულ არქივს 1983 წელს გადასცა. 2018 წელს კოლექცია შეივსო რეზო თაბუკაშვილის შვილის, ლაშა თაბუკაშვილის მიერ არქივისთვის გადაცემული ამავე შინაარსის სხვა ფოტოებით. 

ონლაინკოლექცია 80-მდე ფოტოს მოიცავს და ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/vitorio-selas-kolektsia-1