ნოემბერი 548
en

ვიტორიო სელას კოლექცია

 

კოლექციაში წარმოდგენილია სურათები, რომელიც ვიტორიო სელამ საქართველოში მოგზაურობისას 1889, 1890 და 1896 წლებში გადაიღო.  სტანდარტულ, პანორამულ და სტერეოსკოპულ ფოტოებზე ასახულია სვანეთის მწვერვალები, მყინვარები, ხეობები, სოფლები. მათ შორისაა: გისტოლას, თეთნულდის, უშბას, იალბუზის, ლაჰილის, ასევე, მესტიისა და სოფლების: უშგულის, მაზერის, მულახის, ადიშის, ღების ხედები. სელას ფოტოკამერამ ასევე აღბეჭდა სვანეთისა და რაჭის ადგილობრივი მოსახლეობის ეთნოგრაფიული შინაარსის სურათები.

სელას ნამუშევრებს იტალიაში მთარგმნელმა და რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა 1980-იან წლებში მიაკვლია.  მან ფოტოების ერთი ნაწილი საქართველოს ეროვნულ არქივს 1983 წელს გადასცა. 2018 წელს კოლექცია შეივსო რეზო თაბუკაშვილის შვილის, ლაშა თაბუკაშვილის მიერ არქივისთვის გადაცემული ამავე შინაარსის სხვა ფოტოებით.