ნოემბერი 548
en

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პროგრამის წარმომადგენელი ეროვნულ არქივს ესტუმრა

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, განათლებისა და კვლევის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ლოთარ ჯორდანი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს, თეონა იაშვილს შეხვდა. 

მხარეებმა მომავალი თანამშრომლობისა და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. ლოთარ ჯორდანმა სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოში შეიქმნას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პროგრამის კომიტეტი, რომელშიც გაერთიანდება საქართველოს ეროვნული არქივი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ეროვნული მუზეუმი.

გარდა ამისა, სტუმარი დაინტერესდა ეროვნული არქივის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამებით, რომლებიც მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ტარდება. როგორც თავად აღნიშნა, ამ კუთხით, შესაძლოა, ეროვნული არქივი იუნესკოს პროგრამის ფარგლებში არსებული განათლებისა და კვლევის ქვეკომიტეტის მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდეს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ არქივს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პროგრამასთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს. 2013 წელს საქართველოს ეროვნული არქივის მიერ წარდგენილი ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და „გეოგრაფიული ატლასი“ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო რეესტრში მოხვდა. 

ლოთარ ჯორდანმა არქივში დაათვალიერა როგორც ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი, ისე მიმდინარე წელს ნომინირებულ უძველესი ქართული ხელნაწერები (8 დოკუმენტი).

სტუმარი საქართველოში ყოველწლიური კონფერენციის „ლიტერატურა, მუსიკა და კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში იმყოფება.