ნოემბერი 548
en

იუსტიციის მინისტრმა რუსთავში რეგიონული არქივის მშენებლობა დაათვალიერა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქალაქ რუსთავში ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის მშენებლობა დაათვალიერა.

„ვაშენებთ ქვემო ქართლის რეგიონულ არქივს. ეს იქნება უფრო მყარი შენობა, ვიდრე რომელიმე სხვა, რადგან აქ უნდა შევინახოთ ჩვენი ეროვნული მეხსიერების მტკიცებულებები,  დოკუმენტები და მას სჭირდება სპეციფიკური კონსტრუქციის შენობა. ეს არის თანამედროვე პროექტი, მაგრამ, ამავე დროს, აბსოლუტურად შესაბამისი იმ პირობებისა, რომლებიც სჭირდება სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის შენახვას იმისთვის, რომ საცავი პირობები იყოს დაცული და ჩვენს შთამომავლობას  შესაბამისად გადავცეთ ჩვენი ეროვნული მეხსიერების შენახული, დაცული, დოკუმენტირებული მასალები. მშენებლობა ძალიან სწრაფი ტემპით მიდის. ბედნიერი ვარ, რომ ტენდერის გზით შეგვხვდა კეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანია, რომელიც ზრუნავს, რომ ეროვნული არქივის შენობა იყოს ხარისხიანი“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. 

ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის, თეონა იაშვილის, ინფორმაციით, რეგიონული არქივის შენობა 5-სართულიანია და  მისი საერთო ფართი 1558 კვადრატული მეტრი იქნება. აქედან 968 კვადრატულ მეტრზე განთავსდება დოკუმენტების საცავი, რომელიც ხანძარსაწინააღმდეგო და კონდიცირების თანამედროვე სისტემებით  აღიჭურვება. ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში განთავსდება რუსთავის, მარნეულის, გარდაბნის, დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, წალკის − სულ 284 509 საარქივო დოკუმენტი.  

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მხარეს,  არქივის მშენებლობის დასრულება წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ალიანსი“ აწარმოებს.