ნოემბერი 548
en

პირველი მსოფლიო ომის ფოტოქრონიკა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში პირველი მსოფლიო ომის მოწყალების დის, პირველი ფოტოდოკუმენტალისტი ქალის, ნინო ჯორჯაძის ფოტოების გამოფენა გაიხსნა.

ექსპოზიცია „ნინო ჯორჯაძე კავკასიის ფრონტი /1914 - 1918/“ ფოტოფესტივალ „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ნაწილია.

ნინო ჯორჯაძე პირველ მსოფლიო ომში წითელი ჯვრის ორგანიზაციის ეგიდით მოხალისედ წავიდა და მოწყალების დად მსახურობდა. მან კავკასიის ფრონტის ფოტოქრონიკა მისი ძმის, გიორგი ჯორჯაძის, „კოდაკის“ ფოტოაპარატით შექმნა. მის ობიექტივში მოხვდა ომის ყოველდღიურობა: ექსტრემალური სიტუაციები, სამხედრო პირები, დაჭრილები, ლტოლვილები, ექიმები.

გამოფენის კურატორია ხელოვნებათმცოდნე ლიკა მამაცაშვილი. საოჯახო არქივის მფლობელები არიან: თამარ ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ბაგრატიონი.

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი ექსპოზიციას 21 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.