ნოემბერი 548
en

რესტავრაციის ლაბორატორიამ 3 თვეში 6000-ზე მეტი ფურცელი აღადგინა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში 2013 წლის იანვარ-მარტში სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 5 945 ფურცელს, 169 ფოტოპოზიტივს, 20 ტექნიკურ ნახაზს.
რესტავრირებულ დოკუმენტთა შორისაა: საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილების ხელნაწერი დოკუმენტები - 238 ფურცელი, მათ შორის მეფეთა სიგელები, შეწირულების წიგნები, სასულიერო ხასიათის საბუთები და სხვ. მიმდინარე წელს გრძელდება მე-16 საუკუნის საღვთისმეტყველო თხზულებათა კრებულის – გულანის – რესტავრაციაც.
ლაბორატორიამ იმუშავა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდზე, რომელიც რესტავრაციასთან ერთად, აიკინძა და ყდაში ჩაისვა. დოკუმენტები მკვლევართათვის საისტორიო ცენტრალური არქივის მკვლევართა დარბაზის მეშვეობით უკვე ხელმისაწვდომია.
გარდა რესტავრაციისა, ლაბორატორიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა ძველ საბუთთა განყოფილების 4 317 ფურცელს.
ლაბორატორია ჩართულია, აგრეთვე, დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც სამი თვის განმავლობაში დასასკანერებლად მომზადდა და შემდეგ ხელახლა აიკინძა 392 საქმე.