ოქტომბერი 548
en

საარქივო ფილმების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი დაიხურა

საარქივო ფილმების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ოთხი დღის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში მაყურებელმა 11 ქვეყნის კინოსაარქივო დაწესებულების 20-ზე მეტი მხატვრული, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმი იხილა.

ღონისძიების დახურვაზე საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა ელდარ შენგელაიას მხატვრული ფილმი „მიქელა“ წარადგინა. ჩვენება რეჟისორის ხსოვნას მიეძღვნა. 21-24 ოქტომბერს გამართულ ფესტივალზე საკუთარი პროგრამა თემაზე „საავტორო კინო“ წარმოდგენილი ჰქონდათ საქართველოს, ბულგარეთის, ესტონეთის, მოლდოვის, პორტუგალიის, გერმანიის, პოლონეთის, უნგრეთის, ხორვატიის, მალტისა და ბელგიის კინოსაარქივო ორგანიზაციებს. მათ ფესტივალში მონაწილეობისათვის სპეციალური ჯილდო გადაეცათ.

საქართველოს ეროვნულმა არქივმა თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2022 წელს დააფუძნა.