ნოემბერი 548
en

საქართველოს ეროვნული არქივის დელეგაცია ICARUS-ის ყრილობას ესწრება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) 33-ე ყრილობაში მონაწილეობს.

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში მიმდინარე ღონისძიების თემაა "ევროპული მოგზაურობის მარშრუტები GLAM-ის (Galleries, Libraries, Archives, and Museums) მეშვეობით. ციფრულად გარდაქმნის გამოწვევა". ამ კონტექსტში განხილული იყო ციფრული პლატფორმების განვითარება და საარქივო დოკუმენტების საერთაშორისო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის გამოწვევები და შესაძლებლობები.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი სოფრომაძე და საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სოფიო ჯობავა საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტ ბირგიტ კიბალს შეხვდნენ და საქართველოს ეროვნული არქივის ICARUS-ის პროექტებში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობა განიხილეს. ამასთან, მონაწილეობა მიიღეს ICARUS-ის გენერალურ ასამბლეაში. სხდომაზე წარდგენილი იყო ორგანიზაციის წლიური ანგარიში, ასევე განიხილეს 2025 წელს დაგეგმილი პროექტები.

ICARUS-ის ყრილობა სხვადასხვა ქვეყნის საარქივო ინსტიტუციების წარმომადგენლების შეკრების, მათ შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ინიციატივების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების საშუალებაა.