ნოემბერი 548
en

საქართველოს ეროვნული არქივის VI საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დღეს საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა ონლაინფორმატში გახსნა. 

ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“ მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: ფილოლოგია (კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია, ლიტერატურა, ლინგვისტიკა, ენათმეცნიერება, ლიტერატურის თეორია, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია, ფოლკლორისტიკა); ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია; ხელოვნებათმცოდნეობა (გამომსახველობითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, არქიტექტურა, აუდიო და ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, თეატრი, ხელოვნების თეორია და ისტორია, ქორეოგრაფია); კულტუროლოგია (მუზეუმოლოგია, სიძველეთმცოდნეობა, კულტურის თეორია და ისტორია) და სხვ. ღონისძიებაში 100-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს. 

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი ჯაბა სამუშია და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელი. 

საქართველოს ეროვნული არქივის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2016 წლიდან ტარდება. მისი მიზანი სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება და ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარებაა. 

ღონისძიების დეტალები იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saertashoriso-konferentsia-1