ნოემბერი 548
en

მედიათეკა

2013 წელს იუნესკოს „მონაწილეობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა პროექტი „საქართველოს ეროვნული არქივის მედიათეკის შექმნა“. პროექტის განხორციელების შედეგად საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაარსდა მედიათეკა.

მედიათეკამ გააერთიანა არქივში არსებული ორი სივრცე: ბიბლიოთეკა/რესურს-ცენტრი  და კინოდარბაზი. ბიბლიოთეკაში თავმოყრილია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენახვის საკითხებთან დაკავშირებული რესურსები წიგნების, პერიოდული გამოცემების, ელექტრონული წყაროების, საგანმანათლებლო პოსტერების, ფილმების DVD და CD დისკების სახით. კინოდარბაზის შეკეთება და სათანადოდ აღჭურვა 2012 წელს ეროვნულმა არქივმა უზრუნველყო. დღეისათვის მედიათეკა არქივის საგანმანათლებლო პროგრამის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

მედიათეკის დაარსებით თბილისში შეიქმნა საჯარო სივრცე, რომელიც დაეხმარება ადამიანებს თავისუფლად გაცვალონ ინფორმაცია სხვადასხვა მედიის მეშვეობით და ისწავლონ ამ ინფორმაციის გამოყენება. დაინტერესებული პირები კომფორტულ და ხელმისაწვდომ გარემოში გამოიყენებენ ელექტრონულ მასალებს არქივის ყველა არსებული კოლექციიდან (კინო, ფოტო, ფონო).

ბიბლიოთეკა ხელს შეუწყობს უახლესი გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას კინოს, ხმოვანი ჩანაწერებისა და ფოტოგრაფიის დარგში. პროფესიული ლიტერატურით დაკომპლექტებული ბიბლიოთეკის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის საკითხით დაინტერესებული პირებისთვის სამუშაო გარემოს შექმნა, საარქივო საქმის პოპულარიზაცია, ქვეყანაში კონსერვაციის საქმის შესწავლის აუცილებლობის წარმოჩენა და საამისო წინაპირობის შექმნაა.