ნოემბერი 548
en

კინოკოლექცია

პირველი დოკუმენტური კინოსიუჟეტი, რომელიც არქივშია დაცული, თარიღდება 1909 წლით. ეს არის „თბილისის ქალაქისთავის ა. მატინოვის დაკრძალვა“; 1910 წელს არის გადაღებული „თბილისის გარნიზონის ჯარების აღლუმი სამხედრო ტაძრის წინ. აღლუმს იღებს მეფისნაცვალი კავკასიაში, გრაფი ი. ვორონცოვ-დაშკოვი“; 1910 წელს განეკუთვნება „ბანკის ახალი შენობის კურთხევა“; 1911 წლითაა დათარიღებული გამოჩენილი მრეწველისა და საზოგადო მოღვაწის, დავით სარაჯიშვილის, დაკრძალვის კადრები. 

ვასილ ამაშუკელის მიერ 1912 წელს გადაღებულია დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ - პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ქრონიკალურ-დოკუმენტური კინონაწარმოები.

შემონახულია 1918-1920 წლების ქრონიკა: ეროვნული გვარდიის აღლუმი თბილისში. 1920 წლის 26 მაისს სპორტული კლუბი „შევარდნის“ წევრთა აღლუმი ვაკის ველზე. აქვეა „II ინტერნაციონალის“ ხელმძღვანელთა ჩამოსვლა საქართველოში (1921 წელი).

ერთმა პატარა სიუჟეტმა შემოგვინახა სომეხი მხატვარ-დეკორატორის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, რომელსაც ესწრებიან შ. ელიავა, ს. ახმეტელი, ტ. ტაბიძე, პ. იაშვილი და სხვები.

არქივში დაცული კინოდოკუმენტები ასახავს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების, ეკონომიკური განვითარების, კულტურის, მეცნიერების, რელიგიისა და ყოფის დარგში მიმდინარე პროცესებს.