ნოემბერი 548
en

ისტორია

1941 წელს სსრკ სახალხო კომისართა საბჭომ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სხვა არქივებთან ერთად საქართველოს სსრ-ში კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი უნდა შექმნილიყო. საარქივო საქმეთა სამმართველოს კუთვნილებაში არსებული აუდიოვიზუალური დოკუმენტები აქამდე სხვადასხვა დაწესებულებასა და შენობაში იყო გაბნეული (მუზეუმები, ბიბლიოთეკები, სტუდიები და ა.შ.). საჭირო იყო მათი თავმოყრა და უკეთ განკარგვა. 1943 წლით დათარიღებულ წერილში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ავქსენტი რაფავა წუხდა, რომ საქმე ჯერ კიდევ არ იყო განხორციელებული. წერილის პასუხად, ადრესატები მიზეზად საჭირო შენობის არარსებობას  ასახელებდნენ.

საქმე მაინც დაიძრა და 1944 წელს კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის ნომინალური არსებობაც გაფორმდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის გამო არქივს ფუნქციონირება 1946 წლამდე არ დაუწყია.

თავდაპირველად არქივში ფოტო და კინოგანყოფილებები არსებობდა. მოგვიანებით, 1962 წელს, არქივს ოფიციალურად დაემატა ფონოგანყოფილებაც. დღეს კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში ფუნქციონირებს ფოტო, კინო, ფონოდოკუმენტების, გამოყენებისა და პუბლიკაციების, ასევე ციფრული ტექნოლოგიების განყოფილებები.

არქივში თავმოყრილია 500 ათასზე მეტი ფოტო, 20 ათასამდე ხმოვანი ჩანაწერი და 35 ათასამდე კინოდოკუმენტი. არქივის დოკუმენტებით შევსების პროცესი დაარსებიდან დღემდე მიმდინარეობს.