ნოემბერი 548
en

ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება

უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში დაცულია შემოქმედებითი კავშირების, საზოგადოებების,  სამმართველოების, კომიტეტების, მუზეუმების, სააგენტოების საარქივო ფონდები. გამომცემლობების, რედაქციების, თეატრების, ანსამბლების, კინოსტუდიების, სასწავლებლების მასალები, ასევე, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწეთა პირადი ფონდები.

ლიტერატურისა და ხელოვნების არქივი 1970 წელს შეიქმნა, რასაც გამოეხმაურნენ ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები, რომელთაც არქივს უსასყიდლოდ გადასცეს პირადი არქივები.  ასე შეიქმნა ერეკლე ჯაბადარის, აკაკი შანიძის, აკაკი ხორავას, ალექსანდრე ხახანაშვილის, შალვა ნუცუბიძის, მიხეილ ვადბოლსკის, ვასილ ამაშუკელის, სოფრომ მგალობლიშვილის, ვალერიან გუნიას, გრიგოლ კილაძის, ვანო გოკიელის, იონა ტუსკიას, ზურაბ ანჯაფარიძის, კიტა ბუაჩიძის, ლევან გოთუას, ანზორ ერქომაიშვილის, მედეა კახიძის, მიხეილ ქვლივიძის, ვაჟა აზარაშვილის, ბესარიონ ჟღენტის, რევაზ ჯაფარიძისა და სხვათა პირადი ფონდები.

ლიტერატურისა და ხელოვნების არქივი მდიდარია, ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოღვაწეების პირადი არქივებითაც. მასში დაცულია ალექსანდრე სულხანიშვილის, ილია კუჭუხიძის, გიორგი ნაკაშიძის, ვახტანგ ჟორდანიას, ვახტანგ ჯობაძის და სხვათა ფონდები, ემიგრანტული მწერლობის მდიდარი მასალები, კოლექციები.

არქივში დღეისათვის 1780-2009 წლების 327 ფონდის 138 219 საქმე ინახება, მათ შორის 33 102 განსაკუთრებულად ღირებული.

განყოფილების ამოცანები და ფუნქციები:

  • ეროვნული საარქივო ფონდის შევსება ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორიის ამსახველი დოკუმენტებით და მათი შენახვის უზრუნველყოფა;
  • ლიტერატურისა და ხელოვნების მიმართულებით ცენტრალური არქივის დაკომპლექტების წყარო-ორგანიზაციებისა და პირადი წარმოშობის დოკუმენტების მფლობელთა სიების დადგენა,  კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული საარქივო ფონდის შემადგენლობისადმი დოკუმენტების მიკუთვნების საკითხების გადაწყვეტა;
  • ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეთა პირადი წარმოშობის დოკუმენტების მფლობელთა წრის განსაზღვრა;
  • განყოფილებაში განთავსებული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვა, აღრიცხვა, რესტავრაციისა და კონსერვაციისათვის გამოვლენა და მომზადება, განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტების გამოვლენა, სადაზღვევო და სარგებლობის ფონდების შექმნა;
  • სამეცნიერო-საცნობარო აპარატის სისტემის შექმნა და განვითარება, ინფორმაციის ძიების ელექტრონულ სისტემათა დანერგვა, პროფილურ დაწესებულებათა და  პირადი წარმოშობის დოკუმენტების აღწერა; განყოფილებაში დაცულ დოკუმენტებზე  საინფორმაციო-საძიებო სისტემის: ცნობარების, ანაწერების, მეგზურების, კატალოგების, ნუსხების შედგენა;
  • ლიტერატურისა და ხელოვნების დოკუმენტების გამოყენების ორგანიზაცია, ამ დოკუმენტების პუბლიკაციებისა და პროფილური საცნობარო-საინფორმაციო ლიტერატურის გამოსაცემად მომზადება;
  • დადგენილი წესით,  საარქივო დოკუმენტების პირების, დოკუმენტებიდან ამონაწერებისა და სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობების მომზადება;
  • მკვლევართა მომსახურების   უზრუნველყოფა;
  • საარქივო დოკუმენტების პოპულარიზაციის მიზნით პუბლიკაციების,  ტელე და რადიოგადაცემების მომზადება, საარქივო დოკუმენტების გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა.