ნოემბერი 548
en

სამეცნიერო-ტექნიკური განყოფილება

1966 წლიდან საქართველოს სსრ ოქტომბრის რევოლუციისა და სოციალისტური მშენებლობის ცენტრალურ სახელმწიფო არქივთან მოქმედებდა უწყებათა დოკუმენტური მასალების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების განყოფილება, რომელმაც საფუძველი დაუდო შემდგომში დამოუკიდებელი არქივის დაარსებას.

1974 წლის 15 აპრილის დადგენილებით, თბილისში დამოუკიდებელ ერთეულად შეიქმნა საქართველოს სსრ სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის ცენტრალური სახელმწიფო არქივი: დაკომპლექტებისა და საუწყებო არქივების, ფონდების დაცვისა და სამეცნიერო-საცნობარო აპარატის, დოკუმენტების სამეცნიერო პუბლიკაციისა და გამოყენების განყოფილებების სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობით.

1976 წლიდან არქივთან მოქმედებდა ორგანიზაცია-დაწესებულებათა დოკუმენტების  სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების ჯგუფი. 

საქართველოს სსრ  სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის ცენტრალურმა სახელმწიფო არქივმა სხვადასხვა დაწესებულებიდან დაიწყო დოკუმენტების მიღება. არქივში შეგროვდა 1928-1989 წლების ის სპეციფიკური ხასიათის დოკუმენტური მასალა, რომელიც წარმოიქმნებოდა ტექნიკური დარგის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტების, საკონსტრუქტორო ბიუროებისა და სხვა პროფილური წარმოება-დაწესესებულებების საქმიანობის პროცესში. არქივში დაცული ფონდებისთვის შეიქმნა სამეცნიერო-საცნობარო აპარატი: აღწერები, მეგზური, კატალოგები, მიმოხილვები,ნუსხები.

2006 წლის 21 აგვისტოს №689 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის ცენტრალური სახელმწიფო არქივი გაუქმდა და შეუერთდა საქართველოს უახლესი ისტორიის არქივს, სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის განყოფილების სახით.  

საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცული ტექნიკური მასალა მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს და ხელს უწყობს ორგანიზაცია-დაწესებულებებსა და ცალკეულ პირებს სამეცნიერო-პრაქტიკული მიზნით ფართოდ გამოიყენონ ეს ინფორმაცია.

სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის განყოფილებაში ინახება ტექნიკურ მეცნიერებათა გამოჩენილ მოღვაწეთა პირადი ფონდები. ტექნიკური ინტელიგენციის წარმომადგენელთა პირად ფონდებში დაცული დოკუმენტები და ფოტო-მასალა სრულად ასახავდა ამ თვალსაჩინო მოღვაწეთა მრავალმხრივ ნაყოფიერ სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას.

 

განყოფილების ამოცანები და ფუნქციები:

  • ეროვნული საარქივო ფონდისადმი მიკუთვნების მიზნით ორგანიზაცია-დაწესებულებების, საწარმოების  დოკუმენტების, აგრეთვე პირადი  წარმოშობის დოკუმენტების შერჩევა და ცენტრალური არქივის  პროფილის დოკუმენტებით შევსება;
  • ცენტრალური არქივის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებებში საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის მდგომარეობის კომპლექსური შემოწმება;
  • ცენტრალურ არქივში დაცული საარქივო ფონდების მიზნობრივ-შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება;
  • ცენტრალური არქივის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებათა არქივების  მუშაობისა და ამ დაწესებულებების საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის ორგანიზაციულ-მეთოდიკური ხელმძღვანელობა და ზედამხედველობა;
  • ცენტრალური არქივის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებებში დროებით დაცული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მოცულობისა და   მდგომარეობის სტატისტიკური აღრიცხვა (პასპორტიზაცია);
  • ცენტრალურ არქივში დაცულ დოკუმენტებზე სამეცნიერო-საცნობარო  აპარატის, საძიებო სისტემების, ელექტრონული ნუსხის შექმნა და სრულყოფა;
  • სოციალურ-უფლებრივი ხასიათის  ცნობების გაცემა, მოქალაქეთა მოთხოვნის შესაბამისად განყოფილებაში დაცული ტექნიკური დოკუმენტების დასკანირება და ელექტრომატარებელზე  გადატანა;
  • მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით  დოკუმენტების დასკანირება, ელექტრონული ვერსიების შექმნა, ანაწერების თარგმნა.